ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
No comments:
Post a Comment